საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი ლონდონში

30 მაისს, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის (Bank of Georgia) და “საქართველოს კაპიტალის” (Georgian Capital) აქციების პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსებასთან დააკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

28 მაისს, ლონდონის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო საქართველოს ბანკის და „საქართველოს კაპიტალის“ აქციებით ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა აღნიშნული ორი კომპანიის დაყოფა და ეს მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა.

დიმტრი ქუმსიშვილმა მიულოცა კომპანიების ხელმძღვანელებს გაყოფის პროცესის მოკლე პერიოდში დასრულება და ხაზი გაუსვა, რომ ამ ფაქტს პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვინაიდან ორივე კომპანია ცალ-ცალკე შეძლებს მეტი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტთან ალენ პილუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება და პროექტი და ისაუბრეს სამომავლო ინიციატივებზე.

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ და დაადასტურა, რომ საქართველო EBRD-ის გამორჩეული პარტნიორია და რეგიონში მისაბაძ ქვეყანას წარმოადგენს.