საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის მოვალეობაა ხელი შევუწყო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. გაერთიანებული სამეფოს სახით საქართველოს ჰყავს ერთგული მეგობარი, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ფასეულობები აერთიანებს.

ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალ სფეროში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიზნით ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლების, ტურიზმის, სამედიცინო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

მინდა აღვნიშნო, რომ მე და საელჩოს ყველა თანამშრომელი მზად ვართ ნებისმიერ დროს დახმარება და თანადგომა გავუწიოთ ბრიტანეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ყველას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მისი უკეთესი მომავლის მიზანი გვაერთიანებს. მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად შევძლებთ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ქვეყანასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.

და ბოლოს, მსურს, მადლობა გადავუხადო საელჩოს ყველა დღევანდელ და ვალმოხდილ თანამშრომელს, ყველა ჩემს წინამორბედს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იმისათვის, რაც მათ გააკეთესდა აკეთებენ საქართველოს სასიკეთოდ და გაერთიანებულ სამეფოსთან საქართველოს მეგობრობის განსამტკიცებლად.