საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 16 იანვარს ოქსფორდის უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერის, ქრისტიანული კულტურის მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.

2019 წლის 16 იანვარს ოქსფორდის უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერის, ქრისტიანული კულტურის მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი პროფესორი ჯენი რიჩარდსონი იყო, რომელსაც დახმარება საქართველოს საელჩომ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგმა ლია ჩოკოშვილმა გაუწია.

ღონისძიების გახსნისა და თავისი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პროფესორმა რიჩარდსონმა სიტყვა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს თამარ ბერუჩაშვილს გადასცა. ელჩი მიესალმა ღონისძიების დამსწრეებს და თამილა მგალობლიშვილის ღვაწლის შესახებ ისაუბრა ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევასა და მასზე საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაში.

ელჩმა ასევე წაიკითხა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წერილი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებისა და დამსწრეებისადმი იყო მიმართული. წერილის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ღრმა პატივისცემა გამოხატა თამილა მგალობლიშვილისა და მისი ფასდაუდებელი მემკვიდრეობის მიმართ.

პროფესორმა სებასტიან ბროკმა და ჟურნალისტმა და რედაქტორმა ბრიუს კლარკმა ისაუბრეს თამილა მგალობლიშვილთან თავიანთი პროფესიული და მეგობრული ურთიერთობების შესახებ. თამილა მგალობლიშვილის ნაშრომების უდიდესი მნიშვნელობა, მის მაღალადამიანურ ბუნებასთან ერთად ხაზგასმული იყო ყველა გამომსვლელის სიტყვაში.

ღონისძიების დასასრულს, ისტორიკოსმა და თამილა მგალობლიშვილის შვილმა ლაშა ოთხმეზურმა ბოდლეის ბიბლიოთეკის წარმომადგენელს რიჩარდ ოვენდენს სიმბოლურად რამდენიმე წიგნი გადასცა თამილას მდიდარი კოლექციიდან, რომელიც მოგვიანებით მთლიანად გაიგზავნება ბიბლიოთეკაში და იქ იქნება დაცული. რიჩარდ ოვენდენმა ბიბლიოთეკის სახელით მადლობა გადაუხადა თამილა მგალობლიშვილის ოჯახს ამ ძვირფასი საჩუქრისთვის, რომელიც მისი თქმით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს შესახებ კვლევების გაძლიერებას ოქსფორდის უნივერსიტეტში.