საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად - კრისტოფერ პინჩერი.

2019 წლის  5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კრისტოფერ პინჩერთან.

მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს მიულოცა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნვა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებით აღინიშნა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ბრექსიტის შემდგომ თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმა კიდევ უფრო მეტ დინამიურობას შეიძენს.

სახელმწიფო მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით მზაობა, იქნება ეს ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში.