საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიმართ 'ღია ცის' ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

 

2012 წლის 3 აპრილს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ქ. ვენაში, „ღია ცის" საკონსულტაციო კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მეშვეობით უკვე აცნობა ხელშეკრულების წევრ ყველა ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს „ღია ცის" ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის.

2010 წელს, რუსეთის მხარემ, „ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევით, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 პარაგრაფზე დაყრდნობით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები. შესაბამისად, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციამ, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა წევრ ქვეყნებს „ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე.

ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით. ასევე, ისიც ცხადია, რომ რუსეთს არც იმის უფლება აქვს, აიძულოს ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ აღნიშნული წარმონაქმნის უკანონო აღიარებას.

ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველო თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთს და მიმართავდა მთელ თავის ძალისხმევას, რათა რუსეთი დაბრუნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეაგირება არ იყო ადეკვატური, საქართველო მაინც იმედოვნებდა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში და კეთილსინდისიერად აგრძელებდა რუსეთის მიმართ ხელშეკრულების შესრულებას. სამწუხაროდ, საქართველოს ძალისხმევამ გამოესწორებინა ჩიხური ვითარება, არ გამოიღო დამაკმაყოფილებელი შედეგი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართ შეეწყვიტა „ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო კონკრეტულად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო აღარ მიიღებს თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და არ განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

საქართველო განაახლებს რუსეთის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი დაუბრუნდება ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობას.

ამასთან, საქართველო, რასაკვირველია, გააგრძელებს „ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ.

თბილისი, 2012 წლის 5 აპრილი