საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს პროგრამის შესახებ ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 27 თებერვალს, ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯში საქართველოს პროგრამის შესახებ ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა ასევე სენტ ენტონის კოლეჯის ხელმძღვანელმა პროფესორმა როჯერ გუდმანმა. 

კონფერენციაზე პრეზენტაციები გააკეთეს პროგრამის მონაწილე მკვლევარებმა. მათ თავიანთი კვლევების თემებზე ისაუბრეს - ნეოლიბერალიზმი თანამედროვე საქართველოს კონტექსტში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921), სტუდენტთა მობილობის ტენდენციები და შედეგები, ქვეყნის თანამედროვე პრობლემატიკა მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების ჭრილში. ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს პროგრამის ფარგლებში კვლევები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მკვლევარები. პროგრამის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 

აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტს საქართველოს შესახებ წარმოებული კვლევების სოლიდური გამოცდილება აქვს. სწორედ ოქსფორდის ბოდლეის ბიბლიოთეკაშია დაცული საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მასშტაბური კოლექცია უძველესი წიგნებისა და ხელნაწერების სახით. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერები, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი, ამ კოლექციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.