საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილი საზეიმო მიღება

22 მაისს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი და მიღება გამართა. ღონისძიება ქ. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ "Lansdowne Club"–ში ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა.


ღონისძიებას დაესწრნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ლონდონში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, კულტურის, მედიისა და საქართველოს დიასპორის  წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოღლი, საქართველოში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლი, პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორატის დელეგაცია.  

საქართველოს ელჩმა თავის სიტყვაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობაზე და მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამდროვე ქართულ სახელმწიფოს ასევე, ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. „1918 წელს, რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკა წარმოიქმნა როგორც უნიკალური ექსპერიმენტი. საქართველო იყო პირველი ევროპული სოციალურ დემოკრატიული, მრავალეთნიკური სახელმწიფო, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით, სადაც გარანტირებული იყო ქალთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თავისუფლებისა და თანასწორობის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა“ - აღნიშნა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა დიდი ბრიტანეთის წვლილი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე, ისაუბრა ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საერთო ღირებულებების, ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. მან ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ქართულ მხარეს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა ქ. სოლსბერიში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. სერ ალან დანკანმა, ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

კულტურული პროგრამა წარმოადგინა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართული საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ქართულმა ცეკვის ანსამბლმა „ფესვები“, სამხატვრო სტუდიამ „გონიერი“ და  ბრიტანულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მასპინძელი“.

მიღებაზე გათამაშდა პრიზები - 2 კაციანი სადილი ლონდონის ქართულ ტრადიციულ რესტორნებში “Little Georgia” და “Tamada”.

ღონისძიებაზე სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ.