საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლონდონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს ომის ათ წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

უესტმინსტერის სააბატოს მემორიალის შემკობის ცერემონია

2018 წლის 7 აგვისტოს  დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონში გაერთიანებული სამეფოს მთავარი ტაძრის უესტმინსტერის სააბატოს „უდანაშაულო მსხვერპლთა მემორიალი“ გვირგვინით შეამკო. ღონისძიება ერთობლივად ქართულ-ბრიტანული მხარეების ორგანიზებით, საქართველოს საელჩოს მიერ უესტმინსტერის სააბატოსთან თანამშრომლობით მოეწყო.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა 2008 წელსრუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ღონისძიებაში საელჩოსა და უესტმინსტერის სააბატოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს თავდაცვის ატაშემ, NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობაში საქართველოს შსს-ს სამეკავშირო ოფიცერმა, ლონდონში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა, NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო  და თანამეგობრობის ოფისის წარმომადგენლებმა.

უესტმინსტერის სააბატოში ომისა და ძალადობის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ომისა და ძალადობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

გია ბუღაძის გამოფენა ‘Victima’ საქართველოს საელჩოში 

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ლონდონში საქართველოს საელჩოში ცნობილი ქართველი მხატვრის, გია ბუღაძის გამოფენა “Victima” გაიმართა (კურატორი ნინო ბუღაძე). “Victima” ომის ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის ავტორისეული გამოხატვაა, რომლითაც   ავტორი ახსენებს დამთვალიერებელს, რომ რუსეთის „მცოცავი ოკუპაცია ტერიტორიების მავთულხლართებით და ბარიერების აშენებით დღესაც გრძელდება“ და ათასობით ადამიანი დევნილობაში ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაში. 

გამოფენის გახსნაზე საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური წრეების, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.