საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბათუმი უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას - საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს

2018 წლის 12-13 სექტემბერს, ქ. ბათუმი უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას - საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს - “Georgia International Maritime Forum - #GIMF2018”, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

საქართველოს საელჩო ლონდონში, მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) აქტიურად იყო ჩართული ფორუმის მომზადების პროცესში და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, მუდმივი წარმომადგენელი IMO-ში თამარ ბერუჩაშვილი.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს საფუძველი 2016 წელს ბათუმში ჩაეყარა და წელს იგი მეორედ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საზღვაო სფეროს სამთავრობო დონის და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები მსოფლიოს 53 ქვეყნიდან. ბათუმში ასევე შეიკრიბებიან საზღვაო ინდუსტრიის და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენელები, ტვირთის გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები და გარემოსდამცველები.

GIMF2018-ის მიზანია საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის წარმოჩენა და საერთაშორისო საზღვაო-სანაოსნო სფეროს ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა, როგორიც არის: უსაფრთხო საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობა, ოკეანეების გარემოს დაცვა და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის როლი და პერსპექტივები. რეგიონში საქართველოს საზღვაო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ფორუმის დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია მსჯელობა მსხვილი პროექტების განხორციელებაზე, კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და შავი ზღვის რეგიონში მცირემასშტაბიანი საკრუიზო ინდუსტრიის განვითარების შესახებ.

ფორუმის ფარგლებში საქართველო გააფორმებს რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის გერმანიასთან, ხორვატიასთან და უკრაინასთან. ხელი მოეწერება მემორანდუმებს გერმანიასთან და ხორვატიასთან მეზღვაურთა კომპეტენციების სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ; უკრაინასთან ავტომატური საინდენტიფიკაციო სისტემის ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შესახებ; ასევე გაერო-ს გენდერული თანასწორობისა და ქალების ხელშეწყობის დანაყოფთან საქართველოში ქალებისთვის საზღვაო ინდუსტრიის პოპულარიზაციის შესახებ.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმის ერთ-ერთი პანელი დაეთმობა IMO-სა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (EBRD) ჩამოყალიბებული ახალი პარტნიორობის პერსპექტივების განხილვას. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან IMO-სა და EBRD-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოსთვის და 5 სხვა შერჩეული ქვეყნისთვის, უნდა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა, უსაფრთხო და გარემოსთვის უვნებელი ნაოსნობისა და მდგრადი საზღვაო ტრანსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

12 სექტემბერს ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტს, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნება GIMF2018-ის და ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში ჩატარდება.

13 სექტემბერს, ფორუმის მთავარ დღეს გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები და მიღებული იქნება ღონისძიების დასკვნითი დოკუმენტი - ბათუმის 2018 წლის დეკლარაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმი ეძღვნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს, რომელიც წელს აღინიშნება. ამასთან, ლონდონში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევის შედეგად, GIMF2018-ში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი (Kitack Lim), ორგანიზაციის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად. IMO-ს გენერალური მდივანი, საპატიო სტუმრის რანგში, მეორედ დაესწრება და მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს და ორმხრივ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.

ფორუმის დასრულების შემდეგ, 14 სექტემბერს, IMO-ს გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ეწვევა თბილისს, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IMO-ს გენერალური მდივანი პირველად ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მაღალის დონის დისკუსიების გარდა, საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემატური ღონისძიება და რეგიონალური სემინარი. კერძოდ, 10-12 სექტემბერს ბათუმში, ჩატარდება რეგიონალური სემინარი პორტების დაბინძურების შესახებ: “Regional Workshop on Prevention and control of shipping and port air emissions”. აღნიშნული სემინარი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „GloMEEP“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიებაა, რომლის მხარდამჭერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია.

11-14 სექტემბერს ბათუმში ასევე ჩატარდება რეგიონალური სემინარი პასუხისმგებლობის და კომპენსაციის შესახებ IMO-ს კონვენციების იმპლემენტაციის საკითხებზე: “Regional Workshop on IMO Liability and Compensation Conventions”. სემინარის მხარდამჭერი და ორგანიზატორი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ორივე ღონისძიებას IMO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის რანგში მისასალმებელი სიტყვით გახსნის ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.

მსგავსი სემინარების გამართვას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპის გათვალისწინებით. ცნობისათვის, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, აღნიშულ პერიოდში, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული კონტეინერების რაოდენობა (TEU) გაზრდილია 40%-ით, ხოლო შემოსული ნაყარი ტვირთის მაჩვენებელი გაზრდილია 13%-ით.

გარდა ამისა, ბათუმი ასევე უმასპინძლებს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რიგით მეორე სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრას, ხმელთაშუა ზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შეხვედრასა და სემინარს შავ ზღვაზე პატარა ზომის საკრუიზო ბიზნესში ინვესტირების შესახებ.​

გაიგეთ მეტი ფორუმის პროგრამისა და სტუმრების შესახებ ლინკზე: http://maritimegeorgia.ge/