საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და თბილისის მერიის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ქალაქ ბრისტოლში.

26-28 სექტემბერს ქალაქ ბრისტოლში შედგა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და თბილისის მერიის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბრისტოლ-თბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და ორმხრივ შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი მიზანი ბიზნესის, კულტურის, ტურიზმის, ინოვაციებისა და განათლების სფეროებში კავშირების გაღრმავება და თანამედროვე გამოცდილების გაზიარება იყო. ვიზიტის პროგრამა ორგანიზებული იყო სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულის და ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარის დერეკ პიკაპისა და ბრისტოლის საბჭოს წარმომადგენლის ალიქს ჰიუსის მიერ. საელჩოდან დელეგაციაში ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და უფროსი მრჩეველი ნელი შიოლაშვილი იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო თბილისის მერიიდან - მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ნინო ბეგლარიშვილი. 26 სექტემბერს ბრისტოლის მერის რეზიდენციაში - Mansion House-ში გამართულ მიღებაზე საქართველოს დელეგაციას ბრისტოლის Guild of Guardian-ისა და მერის სახელით ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯეინ ოკლანდი მიესალმა, ხოლო საქართველოს დელეგაციის მხრიდან მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ მიმართეს. მოწვეული საზოგადოებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია დერეკ პიკაპმა გააკეთა, ხოლო ქართული ღვინის რამდენიმე სახეობა წარადგინა კომპანია Gvino-ს თანადამფუძნებელმა დანილო დი სალვომ. სამი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციამ ინტენსიური შეხვედრები გამართა ბრისტოლის კრეატიული ინდუსტრიის შემდეგი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან: ‘Destination Bristol’ (ბრისტოლის ტურიზმისა და რეკრეაციული მენეჯმენტის კომპანია), ‘Station/Young Mens Christian Association’ (ახალგაზრდობის კრეატიული საქმიანობის ხელისშემწყობი ორგანიზაცია), ‘Watershed’ (მედია ცენტრი), ბრისტოლის სავაჭრო პალატა, ბრისტოლის ეროვნული გალერეა, ბრისტოლის მუზეუმი -‘M Shed’, ხელოვნების ცენტრი ‘Spike Island’, მუზეუმი ‘SS Great Britain Ship’, ანიმაციისა და მარიონეტების თეატრების გაერთიანება ‘Puppet Place’, ბრისტოლის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სამხრეთ-დასავლეთის რეგიონის ხელოვნების საბჭო. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის პარალელურად 26-30 სექტემბერს ბრისტოლში მიმდინარეობდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „Encounters Film Festival“, რომელზეც წელს პირველად 11 ქართული ფილმი იქნა ნაჩვენები. საქართველო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ქართულმა ფილმებმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. ფესტივალზე საქართველო ქართველი რეჟისორებისა და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელთა ერთობლივმა დელეგაციამ წარადგინა. ბრისტოლ-თბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი 12 ოქტომბერს ბიზნეს კონფერენციით გაგრძელდება უკვე თბილისში, რომელსაც თბილისის მერია და თი-ბი-სი ბანკი უმასპინძლებენ.