საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხათუნა თოთლაძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, სერ ალან დანკანს შეხვდა.

2019 წლის 29 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძისა და ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სერ ალან დანკანის შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო 28-29 იანვარს, ქ. ლონდონში მიმდინარე კონსულტაციებს საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თაობაზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობებისათვის, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გათვალისწინებით.  მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც პასუხობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს, მათ შორის კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვის თვალსაზრისით.

 
შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ საფრთხეებს და ამ კონტექსტში აღინიშნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.
 
შეხვედრაზე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დანკანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სოლსბერის თავდასხმის საკითხზე გაწეული სოლიდარობისა და საქართველოში ბრიტანელი მოქალაქის ჯეკ შეპარდის დაკავების მიზნით ბრიტანულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ბრიტანულ მხარეს გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
 
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მთავარი მომლაპარაკებელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან,  სარა კროფტი.