საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მეგობართა დელეგაციას შეხვდა.

09.05.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს მეგობართა  დელეგაციას წევრებთან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს  ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს 5-8 მაისს სტუმრობენ.
 
ჯგუფის შემადგენლობაში შედის 30 სტუმარი დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში 8 ქვეყნის აკრედიტებული მოქმედი და ყოფილი ელჩები (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და რელიგიური ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურას, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს და მოინახულეს სხვადასხვა ქალაქები, კერძოდ, ქუთაისი, ბორჯომი, გორი, ახალციხე, ყვარელი და თბილისი, სადაცგამართეს შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, დაათვალიერეს ისტორიული და არქიტექტურული ღირშესანიშნაობები და ადგილობრივი საწარმოები.
 
“ეს პროექტი ემსახურება უპირველეს ყოვლისა საქართველოს კულტურის, საინვესტიციო შესაძლებლობების  პოპულარიზაციას და წარმოადგენს სახალხო დიპლომატიის განსაკუთრებულ მაგალითს, მაგრამ მისი შემადგენლობის და საქართველოს პრიორიტეტების გათვალისწინებითო მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური განზომილება. ჩვენი მეგობრები კარგად იცნობენ საქართველოს გამოწვევებს და მიღწევებს, ასევე მათ აერთიანებს ძალიან სერიოზული ინტერესი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისადმი, კერძოდ პოლიტიკის, კულტურის, ბიზნესის და კომერციის კუთხით ახალი შესაძლებლობების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტური იქნება ძალიან შედეგიანი. ნახევარზე მეტი უკვე დღეს აცხადებს, რომ დაბრუნდებიან საქართველოში ამასთან ერთად ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება“, განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა.
 
ტურის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ეწვევნენ საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.