საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

26 მაისს, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ საკათედრო ტაძარში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიასთან თანამშრომლობით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმატში პირველად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ტაძარში წირვის შემდეგ არქიმანდრიტმა დოროთემ (ბარბაქაძე) საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიების საზეიმო ნაწილში საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა. თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქვეყნისთვის ამ დღის მნიშვნელობასა და დიასპორის როლზე ისაუბრა.

ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა - ლონდონში მოქმედმა ქართული ცეკვის ანსამბლმა „ფესვებმა“, პოეტმა ხათუნა შავგულიძემ, მომღერალმა ოთო მაისურაძემ და მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.

კონცერტის შემდეგ გაიმართა მიღება და გაიჭრა საქართველოს დროშით გაფორმებული ტორტი.