საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

11 ივნისს ლონდონის აზიის სამეფო საზოგადოებაში წიგნის „ცოცხალი ანბანი“ პრეზენტაცია გაიმართა.

11 ივნისს ლონდონის აზიის სამეფო საზოგადოებაში წიგნის „ცოცხალი ანბანი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ და ქალბატონმა ცირა კემულარიამ, რომლის ინიციატივით 2018 წელს დაარსდა სპეციალური ფონდი ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი არამხატვრული ლიტერატურის გამოცემის დასახმარებლად.

წიგნის „ცოცხალი ანბანი“ ავტორია პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე და ის მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერის, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის საფუძველზეა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ სულხან-საბას ეს ხელნაწერი მე-18 საუკუნის ბოლოს ქართველი კალიგრაფის პეტრე ლარაძის მიერ არის გადაწერილი.

ხელნაწერის ორიგინალი მრავალი წელი დაცული იყო მუხრანბატონის სასახლეში, ვიდრე ის პარიზში არ წაიღეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, სადაც ინგლისელი არტ დილერის ხელში აღმოჩნდა. მისგან ხელნაწერი უილიამ ალენის კოლექციაში მოხვდა, ხოლო 1952 წელს ის სოტბის აუქციონზე ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკამ შეიძინა.

ხელნაწერი გასულ წელს ხელახლა იქნა აღმოჩენილი ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ ლილის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო პროექტზე მუშაობისას. მან საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ქ-ნ ცირა კემულარიასთან თანამშრომლობით ხელნაწერში საზედაო ასოებად გამოყენებული ანტროპომორფული და ზოომორფული ფიგურები ცალკე წიგნად გამოსცა, რითაც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ორიგინალი ხელნაწერის ისტორია, ისევე როგორც ხელი შეუწყო ზოგადად, ქართული ანბანის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

აზიის სამეფო საზოგადოებაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საზოგადოების დირექტორმა პროფესორმა ალისონ ოჰთამ, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, პროექტის თანაავტორმა და თანაორგანიზატორმა ცირა კემულარიამ და საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა პროფესორმა გიორგი კალანდიამ.

სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის ვიდეო მიმართვისთვის მოესმინათ და შეეტყოთ გამოცემის მიღმა არსებული საინტერესო ისტორიის შესახებ.

წიგნის პრეზენტაციის ღონისძიებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე ბრიტანულ ქართულმა საზოგადოებამ, კომპანიებმა Walnut and Spice, Taste of Georgia და ორგანიზაციამ FaRiG, რისთვისაც საქართველოს საელჩო მათ დიდ მადლობას უხდის.