საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიღება საზღვაო სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით და ორგანიზაციაში ქალთა ჯგუფის - IMO Women’s Network - ჩამოყალიბების მხარდასაჭერად.

3 ივლისს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოს დელეგაციის სახელით გაიმართა მიღება საზღვაო სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით და ორგანიზაციაში ქალთა ჯგუფის - IMO Women’s Network - ჩამოყალიბების მხარდასაჭერად.

მიღებას IMO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გახსნა და სტუმრებს ესაუბრა საქართველოს საზღვაო პოტენციალზე, ასევე საზღვაო სექტორში ქალების დასაქმების კუთხით მიმდინარე რეფორმებისა და ინიციატივების შესახებ. თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საზღვაო სექტორში, რომელშიც ტრადიციულად ხშირად დარღვეულია გენდერული ბალანსი, მნიშვნელოვანია ქალების უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი გოგონა სწავლის გასაგრძელებლად ირჩევს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, ხოლო გასულ წელს ეროვნული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად პირველად საქართველოს ისტორიაში დანიშნულ იქნა ქალი.

თამარ ბერუჩაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე, საქართველოსთვის პატივია იყოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ახალი ჯგუფის - IMO Women’s Network - ჩამოყალიბების სათავეში.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა IMO-ს გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა, რომელიც მიესალმა ორგანიზაციის ფარგლებში წევრი ქვეყნების ქალი მუდმივი წარმომადგენლებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანამშრომლობის ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ფორმატი ხელს შეუწყობს მომავალში გენდერული თანასწორობისა და საზღვაო სექტორში ქალების როლის გაძლიერების საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში შენარჩუნებას და ამავე დროს იმუშავებს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებაზე.

კიტაკ ლიმმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას ღონისძიების მოწყობისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია, რომელიც IMO-ში ქალბატონებით არის წარმოდგენილი, გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობითა და ორგანიზაციის მუშაობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

სტუმრებს ასევე მიმართა ქალების საერთაშორისო ნაოსნობისა და ვაჭრობის ასოციაციის WiSTA International პრეზიდენტმა დესპინა პანაიოტუ თეოდოსიუმ, რომელმაც მიმოიხილა რეგიონალური წარმომადგენლობის WISTA Georgia საქმიანობა საქართველოში და სტუმრებს მოახსენა მიმდინარე წარმატებული ინიციატივების შესახებ.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2019 წლის მსოფლიო ნაოსნობის დღე, რომელიც 26 სექტემბერს აღინიშნება, მიეძღვნება საზღვაო სექტორში ქალების როლის გაძლიერების საკითხს. აღნიშნულ თემაზე წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი ღონისძიების გამართვა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. წლის ბოლოს IMO-ს ასამბლეის სესიაზე იგეგმება შესაბამისი რეზოლუციის მიღება, რომლის თანასპონსორი საქართველო გახლავთ.