საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

2019 წლის 21 ოქტომბერს, ქ. ლონდონში, ხელი მოეწერა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

 

საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს სახელით - საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა.

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეთანხმება პირველია, რომელსაც დომინიკ რააბმა საგარეო მდივნის რანგში მოაწერა ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე მეტყველებს.

 

ხელმოწერილი დოკუმენტის ძირითადი მიზანი არის ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ორმხრივი ურთიერთობების ყველა იმ ძირითადი სფეროს დარეგულირება, როგორიც არის - პოლიტიკური თანამშრომლობა, კონფლიქტის მოგვარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ენერგეტიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სხვ.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხების მქონე ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოსთან ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

შეთანხმებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ.

 

დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა და მხარეთა შორის თანამშრომლობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

ხელშეკრულება ადგენს ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განსაკუთრებულ რეჟიმს და აყალიბებს სამართლებრივ ჩარჩოს არსებული ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებისა და გაღრმავებისთვის.

 

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების გამოყენებისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, რომელსაც ამჟამად „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდება.

 

„საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ქმნის მყარ საფუძველს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულად ყველა სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ასი წლის წინ, 1919 წელს, დამყარდა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელთა აღდგენაც 1992 წელს მოხდა. სიმბოლურია, რომ სწორედ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლის თავზე, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერესსტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებშეთანხმებას.