საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიდ ბრიტანეთში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა

2018 წლის 18 თებერვალს, ქ. ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა და საქართველოს საპატიო კონსული, დერეკ პიკაპი წარადგინა.

ბატონი დერეკ პიკაპი მრავალი წელია ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქეა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბრისტოლ-თბილისის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალზე ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საპატიო კონსულს ამ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ქ. ბრისტოლის ლორდ მერი ლესლი ალექსანდრე.

საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების, ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ბრისტოლსა და თბილისს შორის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა ყოველწლიური საზეიმო ვახშამი „ქართული სუფრა“, რომელსაც 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის ბრისტოლის ლორდ მერი, ლესლი ალექსანდრე და მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის წარმომადგენელი ბრისტოლსა და ბრისტოლის რეგიონში, ლორდ ლეიტენანტი ფიჩის გოლდინგი (Mrs Peaches Golding OBE).

ვახშამზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ეროვნული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ბრისტოლში საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს დესპანი, ეკატერინე კოკაია ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგნელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, განხილულ იქნა ქალაქებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები.