ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კონფერენცია ოქსფორდის უნივერსიტეტში

2017 წლის 7 თებერვალს ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯმა უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც უნივერსიტეტში მოქმედ საქართველოს შესწავლის პროგრამას მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი სრულდება. ოქსფორდში გამართული კონფერენცია ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც ამ მნიშვნელოვან საიუბილეო წელს ჩატარდა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართეს ასევე სენტ ენტონის კოლეჯის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარგარეტ მაკმილანმა და რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა პროფესორმა დენ ჰილიმ.

თავის გამოსვლაში ელჩმა ყურადღება გაამახვილა ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული ნაწილია. მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს  საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ოქსფორდში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების თანადაფინანსების საკითხზე. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარის, ნიკოლოზ ალექსიძის  წიგნის „საქართველო და უორდროპები“ გამოცემა და სხვა აკადემიური აქტივობები.

ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს შესწავლის პროგრამის ფარგლებში  კვლევები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ როგორც  საერთაშორისო, ისე ქართველი მკვლევარები. პროგრამის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ზოგადად, ოქსფორდის უნივერსიტეტს საქართველოს შესახებ წარმოებული კვლევების სოლიდური გამოცდილება აქვს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ოქსფორდის ბოდლეის ბიბლიოთეკაშია დაცული საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მასშტაბური  კოლექცია უძველესი წიგნებისა და ხელნაწერების სახით. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერები, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი, ამ კოლექციის ერთ-ერთი უბწყინვალესი ნიმუშია.

კონფერენციაზე პრეზენტაციები მიეძღვნა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა ასპექტს, ისევე როგორც ქვეყნის თანამედროვე პრობლემატიკას მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების ჭრილში.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ