ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ალექსანდრე ბესტავაშვილის ხსოვნას

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ემიგრაციის უხუცესის ბატონ ალექსანდრე ბესტავაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ალექსანდრე - საშიკო პაპა - როგორც მას მოფერებით ეძახდნენ, წელს 110 წლის გახდებოდა. მართალია, მან თავისი ხანგრძლივი ცხოვრების 85 წელიწადი საზღვარგარეთ გაატარა, მას არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია სამშობლოზე ფიქრი. მას ხშირად უთქვამს საუბრებში, რომ თავისი ბავშვობის ალაგი ესიზმრებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობდა.

ბატონი ალექსანდრე ყველგან და ყოველთვის ამაყობდა საქართველოთი და სწამდა მისი მომავლის. „საქართველო არამარტო ფიზიკურად გადარჩება, არამედ ერთ მშვენიერ დღეს ყველას დაანახებს რა შესაძლებლობები იმალება ჩვენში. მე შეიძლება ამას ვეღარ მოვესწრო, მაგრამ დაიხსომეთ ჩემი სიტყვები: საქართველო დიდი მომავლის ქვეყანაა,“ ამბობდა იგი.

ალექსანდრე ბესტავაშვილი აქტიურად იყო ჩართული დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის საქმიანობაში და მრავალი ბრიტანელი მეგობარი შესძინა საქართველოს. იგი მოუწოდებდა ქართველებს, სათუთად მოკიდებოდნენ თავიანთ ისტორიას, არ დაეკარგათ კავშირი ერთმანეთთან, ისე როგორც ამას ბრიტანელები აკეთებდნენ.

ბატონი ალექსანდრე გამოირჩეოდა საინტერესო აზროვნებით, რისი საუკეთესო მაგალითიცაა მისი სიტყვები: „აი ხომ ხედავ, როგორ დაჰკარგეს ხეებმა ფოთლები, ჩვენც ფოთლები ვართ ამ ცხოვრებაში. წასვლის წინ ყველაფერი უნდა მოაწესრიგო, მერე რომ სანანური არ გაგიხდეს." მან თავად პირნათლად შეასრულა ეს დარიგება და დაგვიტოვა უაღრესად საინტერესო პირადი ჩანაწერები და მდიდარი არქივი, რომელთა გამოქვეყნება დიდად წაადგება მომავალ თაობებს.

დიდი ქართველი მამულიშვილის ალექსანდრე ბესტავაშვილის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ