ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად 30 მარტს, ქ. ლონდონში ევროპის სახლში (Europe House) საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და მალტის უმაღლესი კომისრის ნორმან ჰამილტონის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, სახელით გაიმართა მიღება.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოღლი. მიღებას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და კვლევითი ცენტრების, ასევე ქართული დიასპორისა და ქ. ლონდონში ქართული ეკლესიის წარმომადგენლები და ქ. ლონდონში ვიზიტით მყოფი პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი.

ღონისძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიულოცეს საქართველოს ეს ისტორიული თარიღი და კიდევ ერთხელ გამოთქვეს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ევროკავშირისათვის ამ პოზიტიური სიახლის მნიშვნელობა ბრექსიტის ფონზე.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და მალტის უმაღლესმა კომისარმა ნორმან ჰამილტონმა. ბ-მა ჰამილტონმა მიულოცა საქართველოს ეს წინგადადგმული ნაბიჯი და აღნიშნა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირისათვის.

თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა საქართველოს და ევროკავშირს მიულოცა ეს წარმატება და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ისტორიულ მნიშვნელობას. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის.

ელჩმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია „საქართველოს ევროპულ გზაზე“. თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ხალხთა შორის კონტაქტების, ისე ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნეს კავშირების დამყარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. 

თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის აღნიშნული სარგებლის ხელმისაწვდომობას.

მიღებაზე სტუმრებს ტრადიციულად ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ