ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა

3 მაისს ქ. ლონდონში გაიმართა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი მაღალი დონის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა.

შუალედური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ნინო ბარათაშვილი, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი და დესპანი კახი ქენქაძე. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის ოფისს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ თეთემი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ მაქნოთენი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და „კარგი მმართველობის ფონდის“ წარმომადგენლები.

აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გაიმართება ქ. ლონდონში 2017 წლის ოქტომბერში. დიალოგის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ხაზი გაესვა გაერთიანებულ სამეფოში ახალი რეალობის ფონზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით  შექმნილი  მძიმე მდგომარეობის გამო. ბრიტანეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების გზები, მათ შორის, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების რაოდენობის ზრდის კუთხით. ასევე აღინიშნა დაძმობილებულ ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავება. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მისწრაფებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მოინახულეს ავღანეთისა და ერაყის ომის მემორიალი, რომელიც ეძღვნება იმ სამხედრო და სამოქალაქო პირებს, რომლებმაც ამ ომებში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტრატეგიული დიალოგი ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც იყო გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919–1921 წლებში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი. მან თავისი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ