ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს ვიცე პრემიერის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში თავდაცვის მინისტრის თანხლებით და გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეოთხე რაუნდი

 ლონდონი, 2017 წლის 23-24 ოქტომბერი

 

ერთობლივი კომუნიკე

 

2017 წლის 23-24 ოქტომბერს, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ბორის ჯონსონმა უმასპინძლა საქართველოს ვიცე პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, ხოლო თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ ფელონმა უმასპინძლა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას. ვიზიტები გაიმართა გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეოთხე რაუნდის პარალელურად, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დანკანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. დიალოგი ატარებს ქართული ენისა და კულტურის მცოდნის, სერ ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1920 წლებში მივლინებულ იქნა თბილისში, ბრიტანეთის პირველ უმაღლეს წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიაში.

გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებული ვიზიტის განმავლობაში ვიცე პრემიერმა  მიხეილ ჯანელიძემ გამართა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ბორის ჯონსონთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს  რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ასევე  ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი შესაძლებლობები. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის მზადყოფნას  და ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. 

სადილზე, რომელსაც უმასპინძლა სერ ალან დანკანმა და რომელშიც მონაწილეობდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, განხილულ იქნა კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების შესაძლებლობები. ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და სერ ალან დანკანმა ერთობლივად უმასპინძლეს მიღებას ლანკასტერის სასახლეში.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და თავდაცვის სახელმწიფო მდივნის სერ მაიკლ ფელონის ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმებისა და შესაძლებლობების სრულყოფის საკითხები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ნატოსთან თანამშრომლობას. გაერთიანებული სამეფოს ჩართულობა საქართველოს ჯარის შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავდაცვის რეფორმაში, როგორც პირდაპირ, ასევე ნატოს ინიციატივების მეშვეობით, გათვალისწინებული იქნა მხარეების მიერ ხელმოწერილ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2017-2018 წლების გეგმაში.

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობდნენ ყველა შეხვედრაში.

 

რეზიუმე

მხარეები მიესალმნენ 2016 წლის 30 ნოემბერს თბილისში გამართული „უორდროპის დიალოგის“ შეხვედრების ბოლო რაუნდის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. განახლებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში მიმდინარე არსებით განხილვებზე  კიდევ ერთხელ ხაზი  გაესვა თანამშრომლობის სიღრმესა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდ მასშტაბურ ხასიათს. მხარეებმა განიხილეს საკითხები პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში. ასევე განხილული იქნა ბრიტანეთ-საქართველოს შორის არსებული და მომავალი  თანამშრომლობის თემები; მხარეებმა გაცვალეს შეხედულებები  რეგიონალური პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მიღწევებზე; განხილული იქნა ორივე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური ვითარება,  საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ამბიციურ რეფორმებისა და  გაერთიანებული სამეფოს მხრიდან რეგიონის მიმართ მუდმივ ინტერესის ჩათვლით ევროკავშირის დატოვების პროცესში. დიალოგის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ წინასწარი მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ახალი ორმხრივი შეთანხმების შესამუშავებლად, რაც შექმნის ყოვლისმომცველ სამუშაო ჩარჩოს ურთიერთობების დასამყარებლად, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს. მზარდი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ლონდონის სითის ლორდ მერმა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას, რომელზეც განხილული იქნა ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. მრგვალი მაგიდის  ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ვაჭრობის საკითხებში პრემიერ მინისტრის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს მარკ პრიტჩარდს. მზარდი ხალხთაშორისი კავშირების გათვალისწინებით, ბრიტანეთის საბჭომ უმასპინძლა ბოლო სესიას, რომლის თემასაც წარმოადგენდა განათლებისა და გამოყენებითი ხელოვნების სფეროებში არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა. დიალოგის ფარგლებში გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის გაფართოების თაობაზე, მათ შორის, საქართველოში ინგლისური ენის კლუბების შექმნის კუთხით. თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში 2017-2018 წლების თანამშრომლობის გეგმას.  ასევე ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვილტონ პარკს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების მიზნით. განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, 2018 წელს თბილისი-ბრისტოლის დაძმობილების 30 წლის იუბილის აღნიშვნის მოსამზადებელი საკითხები.

მინისტერიალის პლენარული სხდომა

მინისტერიალის პლენარულ სხდომაზე ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისადმი. მან ასევე გამოხატა გაერთიანებული სამეფოს ძლიერი ინტერესი საქართველოს მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია მიაღწიოს მეტ ჩართულობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან. მან დადებითად შეაფასა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ შეიცვლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა და გამოყო მიმართულებები, სადაც გაერთიანებული სამეფო სთავაზობს პრაქტიკულ დახმარებას. ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას და გამოხატა მადლიერება საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის აუცილებლობაზე და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. ვიცე პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კარგი მმართველობის ფონდის დახმარების შედეგად მიღებულ სარგებელს.

ოფიციალურ დონეზე განხილვებისას, მხარეებმა იმსჯელეს პოლიტიკის, უსაფრთხოების,  საგარეო და თავდაცვის საკითხების; ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე განათლების, კულტურისა და ხელოვნების სექტორებში არსებული და პოტენციური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მხარეები შეთანხმდნენ, წლის ბოლომდე დაიწყონ ტექნიკური კონსულტაციები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესანარჩუნებლად.

პოლიტიკური პანელი         

პოლიტიკური დისკუსიებისას გაერთიანებული სამეფოს მხარემ გამოხატა მზადყოფნა, სრულად შეინარჩუნოს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა ევროკავშირის დატოვების შემდეგ და ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების  უწყვეტ ძლიერ მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, გაერთიანებული სამეფო მიესალმა საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული პროცესებისადმი, რაც დადასტურდა მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოთი, რომელიც წინ უსწრებდა „უორდროპის დიალოგს“. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გასული წლის „უორდროპის დიალოგის“ შემდეგ 4 პუნქტიანი რეფორმის გეგმის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და მომავალი რეფორმების გეგმებს, რომლის მხარდაჭერასაც გაერთიანებული სამეფო აგრძელებს კარგი მმართველობის ფონდის საშუალებით. მხარეებმა აღიარეს საქართველოს მიერ განხორციელებული პროაქტიური საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობისა შენარჩუნებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომასა და ღია მმართველობის სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვას და რაც მიღწეული იქნა კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით.

გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გაიზიარა საქართველოს შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გაუარესებული ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გამო. გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად განხორციელებასა  და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრაში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. გაერთიანებული სამეფო გამოეხმაურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა  საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში საზოგადოებასთან ჩართულობის პოლიტიკაში. საქართველომ გამოხატა მადლიერება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისათვის. ქართული მხარე მიესალმა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიურ 2016 წლის ანგარიშში აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის საკითხის ასახვას და გამოხატა მზაობა, გააგრძელოს ამ საკითხებზე რეგულარული დიალოგი.      

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პანელი

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების განხილვისას, მხარეები მიესალმნენ მათ მთავრობებს შორის ძლიერ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც განმტკიცდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2017-2018 წლების გეგმის ხელმოწერით თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და თავდაცვის სახელმწიფო მდივნის სერ მაიკლ ფელონის მიერ. გაერთიანებულმა სამეფომ გამოხატა მადლიერება ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ძლიერი მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი  პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით. დისკუსია ასევე შეეხო კიბერუსაფრთხოების, დანაშაულისა და კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობას და მომავალში უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. რეგიონალურ ფორმატებში განვითარებული მოვლენების განხილვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი შესაძლებლობას იძლევა ყურადღება გამახვილდეს ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პოზიტიურ ურთიერთობებზე.

ეკონომიკური და კომერციული პანელი

ეკონომიკური და კომერციული საკითხების პანელზე, რომელზეც ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერებაზე და რომელსაც უმასპინძლა ლონდონის სითის ლორდ მერმა, განხილულ იქნა ფინანსური და პროფესიული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და  ვაჭრობის სფეროებში არსებული პოტენციური შესაძლებლობები. სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი მიზანი, გააძლიერონ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, მათ შორის, შოტლანდიისა და უელსის სავაჭრო პალატებთან ახლად დამყარებული პირდაპირი კავშირები. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის, გამოიხატა გაერთიანებული სამეფოს ინოვაციების სააგენტოსთან (Innovate UK) თანამშრომლობის დიდი ინტერესი. ქართული მხარე მიესალმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის სავაჭრო წარმომადგენლად მარკ პრიტჩარდის დანიშვნას და მადლობა გადაუხადა მას თბილისში განხორციელებული ვიზიტისათვის, რომელიც სავაჭრო ურთიერობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა განიხილეს 2018 წელს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის განხორციელების შესაძლებლობა. ამ მიზნით, გაერთიანებული სამეფოს ბიზნესების მცირე ჯგუფი გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ეწვევა თბილისს  26-27 ოქტომბერს.

ხალხთაშორისი ურთიერთობების პანელი

ხალხთაშორისი ურთიერთობების სხდომაზე განხილულ იქნა განათლების დარგში თანამშრომლობის, მათ შორის, ინგლისური ენის სწავლების საკითხები. გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენების კლუბების გახსნის მიზნით ახალი დაფინანსების შესახებ. მხარეებმა მიმოიხილეს უმაღლესი განათლების პრიორიტეტები, მათ შორის, ხარისხის უზრუნველყოფის, სტუდენტების/ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროგრამების სფეროებში თანამშრომლობა და მიესალმნენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების მზარდ რაოდენობას. ხაზი გაუსვეს სტუდენტების გაცვლის შემდგომი გაძლიერების და მიმდინარე სასწავლო წელს Chevening-ის პროგრამით 14 სტიპენდიანტის დაფინანსების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გაერთიანებული სამეფოს აკადემიურ ინსტიტუტებს შორის ერთობლივი კვლევითი პროგრამების/პროექტების განვითარებას, მათ შორის, Horizon 2020 პროგრამისა და Erasmus+ ის ფარგლებში. ასევე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის საქართველოს ეროვნულ ცენტრსა და ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალს შორის მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პროექტებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს ძლიერი და გრძელვადიანი კულტურული კავშირები გააჩნიათ. თანამშრომლობისა და მეგობრობის ამ სულისკვეთებით, ორივე ქვეყანა შეთანხმდა განამტკიცონ აღნიშნული კავშირები და განაგრძონ თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრა, განსაკუთრებით საქართველოში შემოქმედებითი მრეწველობის განვითარების კუთხით. შეთანხმდნენ, რომ მხარეები შეისწავლიან „გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სეზონებისა“ და „საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სეზონების“ დაწყების შესაძლებლობებს. მხარეები ასევე მიესალმნენ დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისი-ბრისტოლს, ქუთაისი-ნიუპორტსა და ახალციხე-ნიუქასლს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ, გამოიყენონ პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატები თბილისი-ბრისტოლის დაძმობილების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად 2018 წელს.

გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ გამოხატეს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების იმედი და შეთანხმდნენ, ჩაატარონ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგი რაუნდი ქ. თბილისში 2018 წელს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ