თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება და მნიშვნელოვანწილად და-ძმა ოლივერ და მაჯორი უორდროპების სახელს უკავშირდება. ოლივერ უორდროპს, ამიერკავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელს, განსაკუთრებით უყვარდა საქართველო და ქართული კულტურა. მისმა დამ - მაჯორი უორდროპმა თარგმნა ქართული ლიტერატურის არაერთი შედევრი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“.
ქართულ-ბრიტანული ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში 1992 წლიდან, როდესაც საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა გაერთიანებულ სამეფოსთან.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ძალაშია 17 შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ინვესტიციების წახალისება და დაცვა, საჰაერო მომსახურება, თავდაცვა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება, გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთა და ა.შ.
ხშირად ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. 2014 წლიდან დაფუძნდა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატი - „უორდროპის დიალოგი“, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. „უორდროპის დიალოგი“ უკვე ორჯერ ჩატარდა და მიღწეულ იქნა თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მხარეთა წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დინამიურად ვითარდება დარგობრივი თანამშრომლობა. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ბრიტანულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას, ასევე, თავდაცვის სამინისტროსათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი კრიზისების მართვისა და მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. 2016 წელს, ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით და ბრიტანელი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, საქართველოში გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი, რომელიც ბრიტანულ, ე.წ. COBRA-ს მოდელზეა აგებული და ამავე დროს, მორგებულია ქართულ სპეციფიკას.
საქართველოს პარლამენტში მოქმედებს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტში - საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფი.
აქტიურია ქართულ-ბრიტანული ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველოში წარმოდგენილი ბრიტანული კომპანიები საქმიანობენ ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო, ტურისტულ, საფინანსო მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში. ფუნქციონირებს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა, რომლის ოფისიც თბილისში 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს გავლენიან ანალიტიკურ-კვლევით ცენტრებთან.
ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოში ბრიტანეთის საბჭო (British Council). ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, „ჩივნინგის“ სტიპენდიით, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობა. ქართულ-ბრიტანული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლონდონში არსებული ბრიტანულ-ქართული საზოგადოება.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის აქტიურად ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობა თვითმმართველობების (მუნიციპალიტეტების) დონეზე. დაძმობილებული ქალაქებია თბილისი და ბრისტოლი, ქუთაისი და ნიუპორტი, ახალციხე და ნიუ ქასლი.
2015 წლის მარტში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ წამოიწყო ახალი პროგრამა „კარგი მმართველობის ფონდი“. ფონდი სამწლიანია და დაფინანსება ვრცელდება 5 ქვეყანაზე: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სერბეთი და ბოსნია-ჰერცოგოვინა. პროექტის ძირითადი მიზანია, ამ სახელმწიფოებისათვის დახმარების აღმოჩენა აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიის განვითარებაში.