როგორც მოგეხსენებათ, 31 ოქტომბერს იმართება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.
საარჩევნო უბანი გაიხსნება დილის 8 საათზე და დაიხურება საღამოს 8 საათზე საქართველოს საელჩოში, მისამართი: ქ. ლონდონი, წმინდა გიორგის მოედანი #20, პიმლიკო (#20, Saint George’s Square, Pimlico), საფოსტო კოდი SW1V 2HP.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი არჩევნები უპრეცედენტო გარემოში, პანდემიის პირობებში იმართება, საელჩომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბრიტანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი დემოკრატიული უფლების შეუფერხებლად განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისათვის უნდა გაგევლოთ საკონსულო აღრიცხვა მ/წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, რისი გადამოწმებაც შეგიძლიათ აღნიშნული ბმულის მეშვეობით:
https://geoconsul.gov.ge/ka
აუცილებელია საარჩევნო უბანზე გამოცხადდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (პირადობის მოწმობა, ე.წ. აიდი ბარათი, იგივე ელექტრონული პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი). ამ დოკუმენტების ასლის წარმოდგენა დაუშვებელია. ამასთან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს მოქმედი, ვადიანი. არ მიიღება მართვის მოწმობა, ან ბრიტანული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში, შესაბამისად, საარჩევნო პროცესი წარიმართება საქართველოსა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით, რასაც საელჩო და საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი მხარში დგომა და ძალისხმევა.
შესაბამისად გთხოვთ, რომ ყველამ დავიცვათ შემდეგი წესები:
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დარჩით სახლში;
საარჩევნო უბანზე გამოცხადდით პირბადით;
რიგში დგომისას დაიცვით ორმეტრიანი დისტანცია;
საელჩოსთან მომზადებული იქნება სპეციალური ბარიერები;
დაიმუშავეთ ხელები საარჩევნო უბნის შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
როგორც წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა საარჩევნო უბანზე ცხადდება 12:00-დან 3:00 საათამდე. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბევრი ხალხის ერთდროულად თავშეყრა, არსებული პანდემიის პირობებში ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ჩვენი რეკომენდაციაა, მობრძანდეთ ადრე ან მოგვიანებით;
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.