Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განათლების მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მიიღო მონაწილეობა თემატურ სესიაში სახელწოდებით – „ინოვაციური მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებენ სწავლის შედეგებს“.
 
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
 
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო STEAM მიმართულების განვითარების საკითხი. მისი თქმით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვა, რომელიც ინტერდისციპლინური მეთოდით ხორციელდება და მასში ინტეგრირებულია საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ხელოვნების სწავლება. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, მოსწავლეები პროგრამის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით შეიმუშავებენ STEAM პროექტებს და წარმოადგენენ რეალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რბილი უნარების განვითარებას, როგორიცაა პრობლემის ინოვაციურად გადაჭრის უნარი, ლიდერობა, გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია.
 
სიტყვით გამოსვლისას მინისტრი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: თანამედროვე, ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება, განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, საგამოცდო სისტემის განვითარება, მასწავლებლების გადამზადება და სხვა.
სიტყვით გამოსვლის შემდგომ სესიის მონაწილეებმა მინისტრს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვებიც დაუსვეს.
 
განათლების მსოფლიო ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტი განათლების მინისტრი იღებს მონაწილეობას.