Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 წლის ანგარიში

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 ანგარიშში ზედიზედ მეხუთედ აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ საელჩო გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისსა და ქვეყნის პარლამენტს რეგულარულად აწვდიდა სამინისტროდან მიღებულ განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.
 
ზემოხსენებულ ანგარიშში,  რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში რუსეთის გავლენა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე ცალკეა აღნიშნული. ამით ბრიტანული მხარე ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილებისა და პანდემიის დროს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამასთან, დოკუმენტში საუბარია წამებასა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციაზე და აგრეთვე ხაზგასმულია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მიმართ. კერძოდ, ანგარიშის თანახმად:
 
 „საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის ჩარევამ ადგილზე ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების შემდგომი გაუარესება გამოიწვია, ადგილობრივი მედიის მხრიდან წამებისა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობების ჩათვლით. პანდემიის დროს გადასასვლელი პუნქტების დახურვის გზით გადაადგილების თავისუფლების გაფართოებულმა შეზღუდვებმა მაცხოვრებლებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს.“
 
გარდა გაეროს ფარგლებში მიღებული რეზოლუციებისა, ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია საქართველოს მიმართ ბრიტანული მხარის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შესაბამის ფორმატებში. კერძოდ, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში ბრიტანულმა მხარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხი წამოჭრა.
 
 
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 წლის ანგარიში იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.gov.uk/government/publications/human-rights-and-democracy-report-2020