Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოს საელჩომ გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

20 მაისს, საქართველოს საელჩომ გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი საგანელიძემ და ბრიტანეთის საბჭოს რეგიონალურმა დირექტორმა ედრიან ჩედვიკმა.
 
მინისტრმა სტუმრებს საქართველოს განათლების სისტემის მიღწევები, განხორციელებული პროექტები და ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო. ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, რომ ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებისა და სტუდენტებისთვის საქართველოში მაღალი ხარისხის ბრიტანული განათლების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი – დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაცია „Times Higher Education“-მა სამინისტროსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2024 წელს ჩატარებულ სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობითა და საქართველოს პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიმუშავა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საბჭოს მუდმივი მხარდაჭერისა და ურყევი თანამშრომლობისთვის.
 
მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა წარადგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
 
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი საგანელიძემ ისაუბრა განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე.
 
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მიღების სახით, ქ. ლონდონში საელჩომ უმასპინძლა ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. კერძოდ, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს (British Council), დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (Universities UK International), ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (Westminster University), ბათის უნივერსიტეტის (University of Bath), ჰერიოტ-უოთის უნივერსიტეტისა (Heriot-Watt University) და NCUK-ის უნივერსიტეტში სწავლის საგზაო პროგრამათა წარმომადგენლები.