ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
16 მაისს, ქ. ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი” გაიმართა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ორგანიზებით ჩატარდა და მასში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გაცნობას, მათ შორის, განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, უძრავი ქონების, ტურიზმის მიმართულებებით.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა, სტაბილური ზრდა აჩვენა და ის ევროპის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად ჩამოყალიბდა. ეკონომიკის მინისტრმა, თავის გამოსვლაში, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობების დასტურია ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე.
საინვესტიციო ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის EECAD-ის დირექტორი მარკ კლეიტონი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ასევე საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები.