საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა
31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. შედეგად, დღეიდან ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.
ავიაკომპანია British Airways ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ფრენის დროს საქართველოდან ბრიტანეთამდე და პირიქით.
British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა, ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ხნის ოპერირების ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კომპანია American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის - OneWorld-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს, ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ტრანზიტული ფრენებით ისარგებლონ ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა.